დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

მწამს,მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა

ლამაზი ტრადიცია

"მთის არწივის" საბრძანებელმა წელსაც მოუხმო ერისშვილებს. ჩარგალში "ვაჟაობა" გაიმართა.

შემოდგომობით ეს ლამაზი დღესასწაული ყოველთვის საზეიმოდ აღინიშნება. მთაში კანტი-კუნტად მცხოვრებნი, მთელი წლის განმავლობაში უცხო კაცის ჭაჭანებასაც რომ ვერ დალანდავენ, ამ დღეს განსაკუთრებულად მოელიან. "ვაჟაობას" უამრავი სტუმრით ივსება ჩარგალის ულამაზესი მიდამოები. ზვიადი მთები ხარობენ და მობიბინე ბალახიც ფიანდაზად ეფინება სტუმრებს.


"მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ

თვალწინ მეფინა ქვეყანა,

გულზე მესვენა მზე-მთვარე,

ვლაპარაკოიბდი ღმერთთანა".

ბრძანა "მთის არწივმა"

ჩვენც - "მთას ვიყავით".

უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთანების წევრების გამგზავრება "ვაჟაობის" დღესასწაულზე.

ჩარგალს ჩამომცქირალი ალპური მთის მწვერვალზე რომ ახვიდე, ქვეყანა მართლაც-და თვალწინ გადაგეშლება. და თუ შეძლებ იმ სიმაღლეზე განმარტოებას, თუ შიშით გული არ გაგისკდება მარტომყოფს, ისე, ისე ახლოს იქნები ზეცასთან, ისეთ უმტვერო, უმტერო გარემოში გაირინდები, ისე გაგიკამკამდება სული, სრულიადაც გასაგები გახდება ვაჟას ნათქვამი _ "ვლაპარაკობდი ღმერთთანა"-ო.

წელს, შარშანდელზე გაცილებით მეტი სტუმარია ვაჟაობაზე. მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება, რადგან 2011 წელი საიუბილეო თარიღია, `მთის არწივის~ დაბადებიდან 150 წლისთავი, როგორც ვარაუდოებენ, ვაჟას იუბილე არა მარტო საქართველოში უნდა აღინიშნოს, არამედ მსოფლიოს უნდა მისწვდეს ბუმბერაზი ადამიანის ხმა.

ვაჟა, უბრალო სამოსელში გამოწყობილი მთის შვილი, გენიოსი! ლუკმა-პურის მოსაპოვებლად თივის ბულულს რომ კრავდა, პირუტყვს რომ მწყემსავდა, დაკარგულ ცხვარ-ძროხას დაე- ძებდა, ათოვდა, აწვიმდა, დასჩქეფდა ნიაღვარი. დაბუბუნებდა:

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,

ბილწთ არ შავეკვრი ზავითა..."

ბუმბერაზი მთებისებური ძალა ჰქონდა და არავის

ჰმონებდა. ამავდროულად, ებრალებოდა:

"ია, უღრანს ტყეს მოსული,

თალხ-კაბა, ენა-მტკბარია,

კლდის თავს გაშლილი პირიმზე, -

მთის სასახელო ქალია"

...შეუცნობია ვაჟას გენია, ამოუწურავია მისი შემოქმედება.

მეუფე თადეოზთან ერთად

ჰო, ჩვენ "ვაჟაობაზე" ვართ. თბილისიდან ჩამოსულ ახლობლებს, შემოქმედ ადამიანებს: ზაურ ნოზაძეს, თამაზ ჩადუნელს, ივანე ჯაფარიძეს ვუერთდებით. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ვაჟას დიად საბრძანებელს ვაკვირდებით, ვაყურადებთ. მიღიღინებს ჩარგლურა, ყელყელაობენ ჟრუტუნია ყვავილები, ფოთლების სამოსელს ისწორებენ ხეები... ვიღაც, ლექსის წერის განწყობაზე დგება და კალამს იმარჯვებს.

გარშემო ნაირგვარი სანახაობაა: ჭიდაობა, ფარიკაობა, ცხენთა ჯირითი... გამოუფენიათ ულამაზესი ხელთნაკეთობანი: თექის ნამუშევრები, ნაქარგები, ნაქსოვები, სამკაულები, ხეზე კვეთილობანი.

საით წავიდეთ?!

ცხადია, უპირველესად, მწერლის საცხოვრებელი უნდა ვნხაოთ. სიძველეშემონახული ოთახების სიდიადე შევიგრძნოთ, სოხანეზე გავიაროთ, ვაჟასეულ ნივთებს მივეფეროთ.

მწერლის პატარა სახლი სტუმრებს ვერ იტევს. ჩვენც შევდივართ. როგორ გავიხარეთ!!! ვაჟას სახლში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი გვხვდება. მისგან ლოცვა-კურთხევას ვიღებთ. მეუფე თადეოზს აქ გასულ წელსაც შევხვდით. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ უყვარს მას "მთის არწივი" და მისი შემოქმედება."შენი სიმაღლის ჭირიმე, შენ რომ სამყაროს ხედავდი!" _ მიმართავს ვაჟა-ფშაველას.

შარშანდელი "ვაჟაობის" შესახებ "საშევარდნოში" დაიბეჭდა წერილი, რომელსაც სათაურად მეუფე თადეოზის სიტყვები აქვს: "დღეს ვაჟაობა მოსულა, მამულის შუქი მზიანობს". იქვე, ხალხმრავლობაში მდგარი მეუფის ფოტოცაა დაბეჭდილი (ჩვენ ეს გაზეთი თან გვაქვს). სწორედ იმ გვერდზე გადაშლილს მეუფეს ვაწოდებთ. არ ელოდა და გაკვირვებული დასცქერის. შემოგვხედა, მადლობას გვეუბნება, თბილად გვიღიმის, შეპარვით ვუცქერით. მეუფე თადეოზი, ვაჟას სახლში, გაზეთ "საშევარდნოს"კითხულობს. არის რაღაც სიმბოლური, სასიამოვნო, მოულოდნელი ამ ფაქტში.

მწერლის სახლში საამო ჰანგები ისმის. ხალხურ საკრავებზე უკრავენ. ხალხურ სიმღერებს მღერიან. ჩვენი ჯგუფის წევრი თამარ გოცაძე ფოტოებს იღებს. ცდილობს, ყურადღებიდან არაფერი გამორჩეს. აღტაცებულია, ვაჟასეულ თითოეულ ნივთს ეფერება.

ფოტოებს მწერლის ეზოშიც ვიღებთ, მეუფე თადეოზი ჩვენთან ერთადაა. გულთბილად გვესაუბრება რწმენაზე, ადამიანის მოვალეობაზე, პოეზიაზე... მიხარია, რომ მეგობრისაგან ნაჩუქარი მისი კრებული - "ლექსები" - შინ მაქვს.

"სხეული ჩემი იგლოვე სულო,

ჩამოიცილე ცოდვანი მძიმე,

ო, სიხარული თუკი გსურს სრული

ჭეშმარიტების მიენდე იმედს"

.

ბრძანებს მეუფე თადეოზი. ამ ღვთისმოსავ ადამიანთან სიახლოვემ "ვაჟაობა" ჩვენთვის უფრო შთამბეჭდავი გახადა.

ვაჟა-ფშაველას შთამომავალთან

უკვე რამდენიმე წელია ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ვაჟას შვილიშვილის _ ალექსი რაზიკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ თინასთან. ძალზე სანდომიანი და გულთბილი ადამიანია, მთის ტრადიციების დამცველი. გადრაცვლილ მეუღლეზე როდესაც საუბრობს, თვალები ცრემლებით ევსება. ქალბატონი თინა ხუთი შვილის დედაა. მათ შორის ერთი - ვაჟია, ვაჟა რაზიკაშვილი, სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი. ჩვენ, სწორედ მათი, ღირსეული წინაპრის ფესვებზე ამოზრდილი ოჯახის სტუმრები ვართ. ეზოში შესვლისთანავე ვხედავთ, ღია ცის ქვეშ ახალგაზრდები სუფრას შემოსხდომიან. რომ დაგვინახეს, წამოიშალნენ, მიგვიპატიჟეს. ვგებულობთ, ახალგაზრდები ვაჟას კურსელები არიან. ერთ ქალიშვილს ხელში ლექსებით სავსე სქელი რვეული უჭირავს. ჩვენი ვაჟას ლექსებს ვკითხულობ- თო, _ ღიმილით გვეუბნება. დავინტერესდით. გასაკვირი რაა, ვაჟას შვილთაშვილი _ უმცროსი ვაჟა ლექსებს რომ წერდეს. იგი გოგონას რვეულს ართმევს. ჩვენ ვსხდებით, ის ფეხზე დგას, კითხულობს:

"წმინდა ნინო და წმინდა მარიამ,

ყველა სალოცავო და ხატო,

სამშობლო მყავდეს გალაღებული,

მე მხოლოდ ამ სანატრელს ვნატრობ...

მთის კაცმა სამშობლოს სიყვარულიც იცის და ერთგულებაც:

შენ თუ დაგჭირდა,

ავენთები სანთლად,

კელაპტრად,

და თუ დაგჭირდა

დაგეღვრები ცრემლის ნიაღვრად...

სევდა-ნაღველიც დიდი აქვს:

"ცხოვრებამ ზედ გადამიარა,

და დაღი დამატყო თავისი,

დავდივარ მარტო და ეული,

ვინა ვარ, ვიცი?

რა ვიცი!

მერე სიყვარულზე დაწერილ ლექსებს გვიკითხავს.

"სიყვარულია", რომ არწევს ქვეყნად,

მარადიული დიდების აკვანს,

სიყვარულია, რაც ჩვენ გვაცოცხლებს,

სიყვარულია, რაც ცოცხლად გვმარხავს.

ვუსმენთ, დროდადრო ვსაუბრობთ, მოწონებას გამოვხატავთ. შიგნით, გავარვარებულ შეშის ღუმელზე დადგმულ ქვაბს ოხშივარი ასდის. ერთმანეთს მიხურხლული ხინკლები ჩაფუთქუნებულან, დატიკინებულან...

ოჯახთან გამომშვიდობებას ვაპირებთ. არ გვანებებენ. ათ წუთში ხინკალი იქნება და უთუოდ უნდა მიირთვათო. უარი არ გაგვდის. ისევ ვსაუბრობთ. ვაჟა მთის ამბებს გვიყვება. ჩარგალში სულ ოცდაორი ოჯახი ცხოვრობსო. განსაკუთრებით ზამთარში ჭირსო აქ ყოფნა... ხინკლის მომზადების `საიდუმლოსაც~ გვიმხელს. შემოდგომაზე საკლავი იკვლება. ხორცს ბლომად მარილს აყრიან და თიხის ქვევრში ან მიწაში ათავსებენ. ორმოში ბლომად ჭინჭარს აყოლებენ, თავზეც ჭინჭარს აფარებენ და ასე კარგად ინახება. როცა ხინკლის მომზადება უნდათ, ხორცს კუნძზე დებენ, ხანჯლით კეპავენ, ხახვით, ქინძით, უცხო სუნელით აზავებენ, მაგარ ცომს მოზელენ, შიგთავსით გამოტენიან, თავს კარგად მოუჭუჭნიან, ქვაბი, ღუმელი, ცეცხლი და ხინკალიც მზად არის...

ქალბატონ თინას ლანგრით ორთქლადენილი ხინკლები გამოაქვს. ვაგემოვნებთ. დასაყოლებელ არაყს გვაძალებენ. სასმელზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ხინკალი ძალიან გემრიელია... ვემშვიდობებით ვაჟას და მის ოჯახს. მადლობას ვწირავთ, ვლოცავთ და დამრეცი ბილიკით დაბლა ვეშვებით.

ისევ ვეწვევით...

მყუდრო ადგილიდან კვლავ ხალხმრავლობაში ვხვდებით. დაბლა კონცერტია გამართული. ლექსი, სიმღერა, გამომსვლელთა სიტყვები, ისევ ლექსი. ცნობილი თუ უცნობი ადამიანები, ბავშვი თუ მოხუცი, ქალი, კაცი, ჩინოსანი, უჩინო. საერთო აქვთ ყველას. ეს საერთო გენიოსი მწერლის უდიდესი სიყვარულია...

ვეთხოვებით ფშავს. არაგვისპირებს ჩავუვლით. კამკამა მდინარე თითქოს კარგად გარითმულ ლექსს ამბობსო, ისე მიდუდუნებს. თუმცა, ცივია, მაინც შევსველდებით არაგვის წყლით. მწვადიც შეიწვება, კარგი სად- ღეგრძელოებიც, ლექსებიც ითქმება და მოღამებისას გამოვეთხოვებით ფშავს იმ იმედით, რომ მომავალ წელს ისევ ვეწვევით. ღამის ლაბადამოსხმული მთები გვაცილებენ და თან ვაჟას სიტყვებს ჩამოგვძახიან:

მწამს, მარად მიწამებია,

მუდმივ სიცოცხლე სულისა,

კარგისა, ქვეყნის მოყვარის

ქვეყნის ბედისგან წყლულისა.

მუდმივ ცოცხალი ვაჟას სული ზეციური საქართველოდან ლოცვას არ დააკლებს მიწიერ საქართველოს.

მ. მაისელი

გაზეთი "საშევარდნო" 2010 წლის ნოემბერ დეკემბერი

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon