დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

დედაენა საფრთხეშია

მშობლიური ენა, ესაა უდიდესი ძალა ხალხის, ერის კონსოლიდაციისა და ინტეგრაციისათვის, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ძველი და ახალი თაობის შეკავშირებისათვის. არც ერთ სასკოლო საგანს არ აქვს ისეთი განმსაზღვრელი როლი ბავშვის აღზრდაში, როგორც მშობლიურ ენას,

 ნებისმიერი მეცნიერების კარის გასაღები მას აქვს მიბარებული: სკოლის საგნების წარმატებით დაუფლება ემყარება იმას, თუ როგორ ფლობს მოსწავლე სასწავლო ენას.


დედაენა, ერის და თითოეული ადამიანის ყოფიერების გარემოა, მის გარეშე წარმოუდგენელია მათი არსებობა. როგორც არახელსაყრელ ბუნებრივ გარემოს შეუძლია დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე არახელსაყრელი, არასწორი ენობრივი გარემო გამოიწვევს ცალკეული პიროვნების და მთელი ერის სულიერ დეგრადაციას, აყენებს ერს, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენის სრული მოსპობის, განადგურების რეალური საფრთხის ქვეშ. სკოლებში მშობლიური ენის ჯეროვანი სწავლება არის გზა ერის თვითგადარჩენისა, განვითარებისა, გზა, რომელიც უზრუნველყოფს მის მომავალ ცხოვრებას, ერის მომავალ ისტორიულ ყოფას. აი რას ამბობს ცნობილი რუსი მეცნიერი კონსტანტინე უშინსკი მშობლიური ენის შესახებ: “სხვადასხვა საგნების შესწავლა ამდიდრებს ბავშვის შემეცნების უნარს, აწვდის რა მას ახალ-ახალ იმფორმაციას. გრამატიკის (ენის) შესწავლა კი ავითარებს ადამიანის თვითშემეცნების უნარს!... მისი შესწავლა არის საწყისი ადამიანის საკუთარ თავზე, თავის სულიერ მდგომარეობაზე დაკვირვებისა.”

ადამიანი და ენა განუყოფელია. ენა არ არსებობს ადამიანის გარეშე, ისევე როგორც გონიერი ადამიანი არ არსებობს ენის გარეშე. ადამიანი ენის მეშვეობით აღიქვამს გარე სამყაროს, კულტურას, უნახავს მათ ხალხს და გადასცემს მამიდან შვილს, თაობიდან თაობას. და ბოლოს, მშობლიური ენა ეს არის საფუძველი, რომელიც აყალიბებს ადამიანს, განსაზღვრავს მის ქცევას, ცხოვრების წესს, მსოფლმხედველობას, მენტალიტეტს, ეროვნულ ხასიათს, იდეოლოგიას. დედაენა მკაცრი და სანდო მასწავლებელია, მასში ჩადებულია იდეები, წეს-ჩვეულებები. დედაენა არა მარტო ასახავს და გადმოგცემს, არამედ თვითონ აყალიბებს ეროვნულ ხასიათს. მაშასადამე, თუკი დედაენა აყალიბებს ერის კულტურასა და ცხოვრებას, მაშინ მანვე უნდა ითამაშოს განმსაზღვრელი როლი ეროვნული სულისკვეთების ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთხელ დავესესხებით კონსტანტინე უშინსკის, რომელიც სვამს კითხვას: “რა არის აღზრდის მთავარი მიზანი?” – და იქვე პასუხობს: ”ადამიანის სულიერი განვითარება, რომლის მიღწევაც შეუძლებელია თუ არ დავეყრდნობით ხალხის კულტურულ-ისტორიულ ტრადიციებს, ეროვნული ხასიათის განსაკუთრებულ თვისებებს” – ყოველივე ამის ძირითადი მატარებელი კი არის დედაენა.

ადამიანების სულიერ თანამეგობრობაში, რომლის გვირგვინს ერი და ეროვნება წარმოადგენს, არის ერთი სპეკალი - ენა, რომლითაც ისინი ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში უკავშირდებიან და უგებენ. დროთა განმავლობაში ეს ენა ქმნის ერთიან სულიერ ყალიბს - მონოლითს, რომელიც “არც ცხადი ძალით წაირთმის, არც მალვით მოიპარების". ისტორიას მრავლად ახსოვს ისეთი მაგალითები, როდესაც ერთი მონოლითი ისტორიულ წყვეტას განიცდიდა და მომავალ თაობებს აღარაფერი გაეგებოდათ წინა თაობებისაგან დანატოვარი ენისა. ამიტომ წარმოიშვა ძველი და ახალი ენის ცნება. თანამედროვე ბერძენი ძველ ბერძნულს ისევე სწავლობს, როგორც ნებისმიერი არაბერძენი, თანამედროვე სომეხი ძველ სომხურს ისევე სწავლობს, როგორც დანარჩენი არასომეხი, თანამედროვე ინდოელი ძველ ინდურს ისევე სწავლობს, როგორც დანარჩენი არაინდოელი შეისწავლიდა და ა. შ. ანუ ამ ენებში დიდი ისტორიული წყვეტა მოხდა და ეს მათ ენებზეც აისახა.

ჩამოთვლილ უძველეს კულტურულ ენებს შორის სრულიად გამორჩეულია ქართული ენა, რომელიც ასეთ წყვეტას არ აჩენს და თანამედროვე ქართველი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, წინაპართა ენის შინაარსს იგებს. ჩვენ უსათუთესი ძაფებით ვართ დაკავშირებული ჩვენს სულიერ საწყისებთან და საამაყოც (და არა საამპარტავნო) გვაქვს. სიცოცხლეც დაგვიდევს სასწორზე ამ ენის დასაცავად. ამას ისიც ემატება, რომ ქართული ანბანი ზედმიწევნით ასახავს ქართულ მეტყველებას, ანუ თითო ბგერას თითო ასო შეესაბამება. ჩვენი ენისა და ანბანის ეს გენიალური თავსებადობაც გვეამაყება თავისი უნიკალურობის გამო. აკი ამბობდა ნიკო მარი - თავისი თვისებით ქართული ენა მსოფლიო ენააო და მართლაც ასეა.

ამ ენამ ბუნება და პათოსი ქართული სულის დინებისა ყველაზე ძალუმად გამოხატა, იდინა, იდინა და დღემდე ფორმობრივად მეტ-ნაკლებად სახეცვლილი, მაგრამ არსობრივად მონოლითური მოვიდა; მოვიდა თვითმყოფადი ბუნებით და ყველაზე მეტად განსაზღვრა ერის თვითმყოფადობა. თავისი ისტორიით მან ქართველი ერის ერთიანი ისტორიული ყოფიერების არსებითი როლი შეასრულა. ეროვნული ცნობიერება ხომ ცხოვრების, ისტორიული რეალობის წიაღშია ჩაფლული ენის წყალობით და ამითაა განუმეორებელი და სულისმიერ აღქმას დაქვემდებარებული, მკაცრ რაციონალურ ჩარჩოებს გაცილებული. სწორედ ენა თამაშობს გადამწყვეტ და იდუმალ როლს ერის წარმოქმნა- განვითარებაში. კონკრეტული ქართული ენა აყალიბებს კონკრეტულ ერს - ქართველობას და საქართველოს.

თანამედროვეობამ გაისიგრძეგანა ენის დამსახურება ერის წინაშე და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა თავის არსებობაში. იმისათვის, რომ არ დაირღვეს მისი ერთიანობა (რამეთუ ასეთი რღვევა ერის რღვევის ტოლფაისა). რუსი პედაგოგი ვესელი ამბობს: “ერს რომ თავისი ენა არ ასწავლო, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გინდათ ერის აზრი, მისი სულიერი ძალ-ღონე, ნიჭი გაიხსნას და გაიმართოს. ეგ ის იქნება, რომ არ გინდათ ერი ბავშვობიდან გამოვიდეს. თუ ჩვენ არ დავაწყებინებთ ერს თავისი დედაენის სწავლებას და თუნდაც მის მაგიერ სხვა, ძალიან მახლობელი ენის სწავლებას მოვყვებით, მაშინ უარესს ვიზამთ: სრულებით შევშლით ერის გონებრივ განვითარებას, სრულებით შევშლით მის სულიერ ბუნებას.” მთელი სამყარო ჩვენთვის, ადამიანებისათვის, ენაში და ენით არსებობს. მთელი ჩვენი ცოდნა ენით გამოითქმის. ადამიანის სულიერ-გონითი სამყაროც ენაშია დაუნჯებული. ერი უკვდავია, თუ ის საკუთარ ენაზე ლაპარაკობს. უკვდავია ის კულტურა, რომელიც ამა თუ იმ ენაზე იქმნება. უკვდავია ეროვნული ტრადიციები, ადათ-წესები, ჩვეულებები, ყველაფერი ის, რაც ერის სულიერ საგანძურს შეადგენს.

ენა ინახავს და მომდევნო თაობებს გადასცემს მთელ იმ სიმდიდრესა და გამოცდილებას,

რაც ერს საუკუნეების განმავლობაში შეუქმნია რელიგიური, მეცნიერული თუ მხატვრული ტექსტების სახით. ამ აზრით, ენა ხალხის კოლექტიური მეხსიერებაა. ენის სიწმინდეს საშიშროებას უქმნის პირველი კლასიდან უცხო ენის შესწავლის დაწყების შემოტანა. მოზარდი, რომელიც უცხო ენაზე დაიწყებს სწავლას, მშობლიურ ენას მხოლოდ ყოველდღიური მეტყველების დონეზე დაეუფლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარბარიზმები და ვულგარიზმები, ჟარგონები და კალკები მისი მეტყველების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი იქნება.

სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაუფარავად და დაბეჯითებით ამკვიდრებენ აზრს: რაკი დღეს თითქმის მთელი მსოფლიო ინგლისურად ლაპარაკობს, რა საჭიროა ქართული ენის სწავლება და მის სიწმინდეზე ზრუნვა, დროა საქართველოს სახელმწიფო ენად ინგლისური გამოვაცხადოთო?!

ილია წერს: “ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანდაუხევლად ვთხოულობთ დედა- ენისათვის სრულს და დაუბრკოლებელს გზას სასწავლებელში, - ეგ, მარტო დედა-ენის სიყვარულით არ მოგვდის. ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაც, რომ უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია. მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის, გონების დაჩაგვრისაა, გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა, გათახსირებისაა, - და განა ეს სასურველია ვისთვისმე?”

ჩვენ „დედაენაზე“ ვსაუბრობთ და მშობლიური ენის დიდ ქომაგ იაკობ გოგებაშვილს დავესესხებით: „არც ერთს უცხო ენას არ შეუძლიან ავარჯიშოს ალღო ენისა, როგორც დედინაცვალს არ შეუძლია ბავშვს დასდოს ღვიძლის დედის ამაგი, საშინელ მდგომარეობაში ვარდება ერი, როდესაც მის ენას პატივი და უფლება აქვს აყრილი და მას რიგიანად ვეღარ სწავლობს სკოლებში. ამ შემთხვევაში, სკოლა ცუდად მოქმედებს თვით სახლობაზედ, აქაც სუსტდება ღვიძლი ენა. ამის გამო, სრული მეტყველება ერში იკარგება და იგი წარმოადგენს ნახევრად დამუნჯებულ ბრბოს. სუსტი ენა ჰბადებს სუსტს აზრს, სუსტს ხასიათსა და ერის ცხოვრებაში დგება ის საუბედურო ხანა, რომელსაც ცნობილმა რუსმა სწავლულმა და ფილოლოგმა – ანდრეი პოტებნიამ დაარქვა: (საზიზღარი გაპარტახების ხანა) „период мерзости запустения “. ამ უბედურ ხანას, საზიზღარი გაპარტახების ხანას თავის სასარგებლოდ იყენებენ მოცილე ერნი და ნახევრად დამუნჯებულს, დაქვეითებულს ხალხს ხელიდან აცლიან მიწა-წყალს, დოვლათს და ყველა ეროვნულ საუნჯეს...


დროა, გონს მოვიყავნო ჩვენი თავი შემდეგი სიტყვების მოგონებით, რომელიც დაბეჭდა თავის წლიურს ანგარიშში ყოფილმა მზრუნველმა , კავკასიის ოლქისამ, პედაგოგმა და მწერალმა იანუარი ნევეროვმა, როდესაც ჰმარტავდა საჭიროებას ქართულის ენის საფუძვლიანად შესწავლისას: ( არ არსებობს განათლება მშობლიური ენის გარეშე, რადგან სწორედ დედა-ენა არის სრულყოფილი აზროვნების საძირკველი). Нет оброзованния без возможно полного знания своего родного языка как орудия мысли".

იაკობისეულ შეშფოთებას ჩვენს დროში საქართველოს ხელისუფლების ახალი ლინგვისტური პოლიტიკა იწვევს (რომელსაც თავად „ლინგვისტურ რევოლუციას“ უწოდებენ). ჩვენი მშობლიური ენა ქართული ენაა. სწორედ ამ ენაზე ვიწყებთ საუბარს, მაგრამ რადგან ჩვენ ამ ენაზე საუბარი შეგვიძლია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს ენა ვიცით.

სწორედ დაწყებით კლასებში ვიწყებთ ამ ენის დაუფლებას, სწორედ აქ ეყრება საფუძველი სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებას, მეტყველებას, ბგერების სწორად წარმოთქმას. დედაენა ბავშვს ოდითგანვე ჭეშმარიტ მამულიშვილად ჩამოყალიბებაში უწყობდა ხელს: დედა-ენა აყვარებდა სამშობლოს, კეთილსინდისიერებას, ადამიანის პატივისცემას, შრომას. გამოუმუშავებდა ბოროტისა და კეთილის გარჩევის უნარს, მტკიცე ნებისყოფას. არც ერთ საგანს არ შეუძლია ისე განავითაროს ადამიანი, როგორც ეს შეუძლია მშობლიური ენის შესწავლას. რუსი პედაგოგი კონსტანტინე უშინსკი გვმოძღვრავს: “ბავშვი რომ სწავლობს დედა-ენას, იგი სწოვს სულისათვის სიცოცხლეს და ღონეს, ღვიძლი ენის ღვიძლი ძუძუდან, დედა- ენა ისე უხსნის ბუნებას ყმაწვილს, როგორც ვერც ერთი ბუნების მცოდნე კაცი; ისე აცოდინებს ხასიათს იმ ხალხისა და საზოგადოებისა, რომელთა შორისაც ბავშვი ცხოვრობს, მათ ისტორიას, თვისებას და მიდრეკილებას, როგორც ვერცერთი ისტორიკოსი.”.

სწავლის პირველი წელი ყველაზე მნიშვნელოვანია. ბავშვის ფსიქოლოგია და გონება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. პირველკლასელ ბავშვს მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს: სხვადასხვა სავარჯიშოების ჩატარებით ასწავლიან მშობლიურ ენაზე სწორად მეტყველებას, წერა-კითხვას, ნებისყოფის გამომუშავებას, ყურადღების კონცენტრირებას და ა.შ. და ამ დროს იძულებულია დედა-ენისაგან რადიკალურად განსხვავებული ენის – ინგლისურის შესწავლის პროცესში ჩაერთოს, აქ მათი ასაკი და ფსიქოლოგია ნუ დაგვავიწყდება, ისინი ხომ ჯერ 5 ან 6 წლისანი არიან. გერმანელი პედაგოგიკის დედაბოძი და განთქმული მეცნიერი ადოლფ დისტერვეგი ამბობს: “ის მეტ-ნაკლები გონება-გახსნილობა, რომლითაც ბავშვი შედის სკოლაში, აუცილებლად უნდა იყოს საზღვარი, საიდანაც უნდა მოჰყვეს ადამიანი სწავლებას. ამის გამო მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ენას, რომელსაც ბავშვები იყენებენ სკოლაში შესვლისას. ახალი უნდა აიხსნას ძველის დახმარებით, უცნობი – ნაცნობით. სხვა გზა არ არის, სხვა ღონე და საშუალება შეუძლებელი საქმეა”..

შვეიცარიელი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოჰან პესტალოცი ამბობს: ”ბავშვის სულიერი ძალები შორეულზე, უცხოზე არ უნდა ავარჯიშო, ვიდრე ძირი არ გამაგრებია, და არ განათლებულა იმაზე ვარჯიშით, რაც მახლობელია ბავშვისთვის, რაც გარს არტყია, რაც ბავშვის ღვიძლი და თავისიანია”. ე.წ. “ლინგვისტური რევოლუცია” დედაენის გაუგონარი შევიწროების ხარჯზე მიმდინარეობს. თუ ქართული ენის გაკვეთილზე მთელი ჯგუფი ერთდროულად ზის საკლასო ოთახში ერთი პედაგოგის ხელმძღვანელობით, ინგლისურის გაკვეთილზე აღნიშნული ჯგუფი ორად იყოფა და ორი პედაგოგი ემსახურება.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ყოველწლიურად, სისტემურად ხდება ქართული ენის გაკვეთილების საათების შემცირება მეორეხარისხოვანი საგნების და მათ შორის ინგლისური ენის ხარჯზე. ყოვლად მიუღებელია ასევე ძველი, გამოცდილი, ეროვნული სულისკვეთების მატარებელი პედაგოგების ინგლისური ენის და კომპიუტერული პროგრამების არცოდნის გამო მათი სკოლიდან დათხოვნა და ხშირ შემთხვევაში უპრინციპო, გამოუცდელი, ნაკლებად ეროვნული სულისკვეთების და ე.წ. “უნარ-ჩვევებში” ხელგაწაფული მასწავლებლებით ჩანაცვლება. აქედან კარგად ჩანს თუ როგორ ზრუნავს ახალი განათლების რეფორმა დედა-ენაზე.

მტერმა კარგად იცის, რომ ჩვენი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სხეულისა, ჩვენი ეროვნული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, დედაენა შესისხლხორცებულია მართლმადიდებლობასთან, მათი შეცვლით ან დაკარგვით ჩვენ ვკარგავთ ქართულ სულს. ჯერ კიდევ 1992 წელს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეშიBბრძანებს: “სკოლის ცხოვრებაში სიახლის შეტანა რომ აუცილებელია, ყველა გრძნობს, მაგრამ ზოგჯერ არასწორ ნაბიჯებს დგამენ. მაგალითად, აპირებენ ინგლისური სკოლების გახსნას, სადაც პირველი კლასიდანვე ყველა საგანს ბავშვებს უცხოელები შეასწავლიან და ეს მიაჩნიათ ფრიად სასარგებლოდ; სინამდვილეში კი იგი დიდი შეცდომაა და ნიშნავს ჩვენს წარსულს მოწყვეტილი თაობის აღზრდას. ანდა, ფიქრობენ რელიგიური სკოლების დაარსებას, სადაც საღვთისმეტყველო გაკვეთილებს პასტორები ჩაატარებენ. განა შეიძლება ასე ხელვყოთ ჩვენი მეობა? “

აი რა წერია იუნესკოს რეკომენდაციაში ქართული ენის შესახებ: „დედაენა“ წარმოადგენს გლობალიზაციისა და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების ერთ-ერთ საყრდენს: მოიცავს იმ ტრადიციებისა და გამოხატვის ფორმებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თაობებს გადაეცემოდა; ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ ერთობას, ავითარებს მოზარდთა ინდივიდუალიზმისა და პასუხისმგებლობის გრძნობას.” როგორც ვხედავთ რეფორმატორები აქაც კი ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს.

მდგომარეობა მეტისმეტად საგანგაშოა! მივმართავთ ყველას, პირველ რიგში,

ხელისუფლებას, მშობლებს, ქართველ სტუდენტობას, ახალგაზრდობას, შემოქმედებით ინტელიგენციას, საზოგადოების ყველა ფენას, ყველას, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი კულტურა, თავისი სულიერება, ვიზრუნოთ მშობლიური ენის სიწმინდეზე. "ერის ცხოვრება, მისი დიდება, მის ისტორია დაცულ არს ენით", ან: "რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო",- გვმოძღვრავდა გრიგოლ ორბელიანი. არსებითად იმავეს ბრძანებდა ილია ჭავჭავაძე: "მტერობა ენის, არს მტრობა ქვეყნის".

ძვირფასო თანამემამულენო! ქართველებო! ვიზრუნოთ მშობლიური ენის გადარჩენისათვის! შეგახსენებთ იუნესკოს საგანგაშო განცხადებას იმის შესახებ, რომ გლობალიზაციის პროცესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში არსებული 7 ათასამდე ენიდან ნახევარზე მეტს სიკვდილი ემუქრება. საშუალო გაანგარიშებით ყოველ ორ კვირაში ერთი სალაპარაკო ენა კვდება. თუ ყოველმა ჩვენგანმა ქართული ენის სიწმინდის დაცვა სისხლხორცეულ საქმედ არ მიიჩნია, დღეს იქნება თუ ხვალ მკვდარ ენებს შორის შეიძლება ქართული ენაც აღმოჩნდეს. ნუ ვიზამთ ამას! ნუ წავალთ ჩვენი ენისა და ერის თვითლიკვიდაციის გზით!

წმ გიორგის კავშირი .ჭიათურა 2011

ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon