დაგვიმეგობრდით



შემოგვიერთდით



ამჟამად საიტზეა

Нет

უახლესი განცხადებები

Get the Flash Player to see this player.

უახლესი ვიდეო

გეოგრაფიული ვიქტორინარაგბი
არჩევანიRockclimbing in Chiatura
Chiatura Cable Carsჭიათურა

საიტი იყიდება. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 5-99-28-97-41


www.ostati.ge

კლავიშებს ხშირად ცისარტყელას ფერები ამკობს ...

კლავიშებს ხშირად ცისარტყელას ფერები ამკობს ...  მზის დიდებული სიმფონია

ამოცისკროვნდა მარტისთვის უჩვეულო მზე და შიშველ ხეებს სხივები მბრწყინავ სამკაულებად ჩამოჰკიდა. დათბუნდა, დათბუნდა ირგვლივ და ... ბიჭი დაიბადა! კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე აზეიმდა. ნამშობიარების თეთრ პალატაში შეჭიჭიტალებულმა სხივმა საოცრად ბედნიერ დედას მიუალერსა. 23 მარტი იყო. „საუკეთესო საჩუქარი მივუძღვენი ბიჭის მამას. ხვალ ჩემი პირმშოთი შევხვდები მეუღლის დაბადების დღეს.“ _ იღიმოდა ახალგაზრდა ქალი...


მზის დიდებული სიმფონია დამატკბობლად იღვენთებოდა დედამიწაზე და გალურსულ, ნაზამთრ არე-მარეს ახალისებდა ...

დილაადრიან იღვიძებდა ჩვილი. აიხუტებდა დედა გულზე პაწაწინას და უნაზესი მოფერებით უმღეროდა „იავნანას“. განაბული აყურადებდა ბიჭი მშობლის ხმას, ასევე _ ჩიტების ჟივჟივს, ნიავის ჩურჩულს, ფოთლების შრიალს, წვიმის წკაპაწკუპს, ინტერესით აცქერდებოდა ჟრუტუნია ყვავილებზე მოალერსე მზის სხივებს, მობიბინე მოლს, მობზუილე ფუტკრებს და პაწაწინას არსებაში იღვრებოდა იდუმალი მზის დიდებული სიმფონია.

პირველი სერიოზული შემფასებელი

იზრდებოდა ბიჭი, წლისა და ხუთი თვის უკვე კარგად ლაპარაკობდა. შეუცდომლად არაკრაკებდა კვირის დღეებს. სხვაც ბევრი რამ იცოდა. დედა ატყობდა, განსაკუთრებული ინტერესი მუსიკისადმი ჰქონდა პატარას.

ოთხი წლისა იყო ბიჭი, თბილისში სტუმრად რომ წაიყვანა დედამ. ტელევიზორს უცქეროდნენ. მაშინ მოისმინა ქალმა, რობერტ ბარძიმაშვილი მუსიკალურ სტუდიაში იწვევდა ნიჭიერ, თბილისელ ბავშვებს. სტუმრად მყოფს არავისთვის არაფერი უთქვამს, ჩასჭიდა ხელი ბუნჩულა ბიჭს და დანიშნული მისამართისაკენ გეზი აიღო. რობერტ ბარძიმაშვილმა პატარა ვაჟკაცი გამოსცადა და სასიამოვნოდ გაოცებულმა, აღტაცებულმა დედას უთხრა: „ შესანიშნავი ბავშვია, აბსოლუტური სმენა აქვს. აუცულებლად ატარეთ ჩვენთან, ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს. აი, ნახავთ, მალე გიტარის დაკვრას ისწავლის, ექვსი წლისას კლიპს ჩავუწერთო“. გაიხარა დედამ. იქედან ფრთებშესხმულივით წამოვიდა, მაგრამ გული იმის გამო ეტკინა, რომ თბილისელი ბავშვებივით მისი შვილი მუსიკალურ სტუდიაში სიარულს ვერ შეძლებდა.


თბილი ნავსაყუდელი

ჰო, პატარა ბიჭი, მიუხედავად დედის უდიდსი სურვილისა, რობერტ ბარძიმაშვილის მიერ შექმნილ მუსიკალურ სტუდიაში ვერ ივლიდა, რადგან იგი ჭიათურის რაიონის სოფელ დარკვეთში ცხოვრობდა. ეტყობა, ასეთი იყო ნება ღვთისა. სწორედ ამ ულამაზეს სოფელში უნდა ეგრძნო ივერი კეკენაძეს მშობლიური მიწის სიმსუყე, ეკლესიის მადლი და ძველთაძველი ზარების ჟღერადობა, მაძღარი საწნახელის საამო ღიღინი, ქვევრში აბუყბუყებული მაჭრის მათრობელა სუნი, ბებიის ნაჯაფ-დანაოჭებული ხელებით ამოვლებული ჩურჩხელის სიტკბო. ამ ყველაფერში მუსიკა იყო _ იდუმალი, განუმეორებელი. სწორედ მშობლიურ სოფელში უნდა ზიარებოდა საყვარელი მოძღვრის _ მამა თადეოზის (სარალიძე) მერ აღვლენილი ლოცვების მადლს, აღსარება - ზიარების საიდუმლოს...

დარკვეთი _ თბილი ნავსაყუდელი. აქ შეიგრძნო ივერიმ „აი,ია“-ს სურნელი, ქარვისფერი მტევნის 33 მარცვლის ნაჟურმა მის ძარღვებში წინაპართა სისხლი აახმიანა. მუსიკის „ანა-ბანასაც“ დარკვეთში აზიარა იგი მაყვალა (სხირტლაძე) მასწავლებელმა. გულისხმიერმა პედაგოგმა იმთავითვე იგრძნო აღსაზრდელის სწრაფვა მუსიკის სამყაროსაკენ და გზა დაულოცა ჭიათურის სანდრო კავსაძის #1 სამუსიკო სკოლისაკენ, სადაც ლალი (გაფრინდაშვილი) მასწავლებლისათვის ახალი მოსწავლე სანატრელი აღმოჩენა იყო. როგორც პროფესიონალმა და როგორც დედობრივი მზრუნველობით აღვსილმა ქალბატონმა ყველაფერი გააკეთა, რომ ღვთისგან მომადლებული ნიჭი მაქსიმალურად გამოვლენილყო. ივერის წარატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის მუსიკალური სკოლის დირექტორს ლუდა ნადირაძეს. ნიჭმა, შრომისმოყვარეობამ, ხელშეწყობამ შედეგი მოიტანა და ...

აღტაცებით ტაშს უკრავდნენ

ერთ წარმატებას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე... 13 წლის ბიჭისათვის ნამდვილად აღმატებულია დამსახურებულად მოპოვებული ჯილდოები: გრან-პრი (2007, 2009, 2010 წ.) და I ხარისხის დიპლომი (2008 წ.) კლასიკური მუსიკის საყმაწვილო დელფიადაზე ქუთაისში; დიპლომი და ლაურეატის წოდება თბილისის ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მეორე რესპუბლიკურ ფესტივალზე (2009 წ.) „ იპოვე შენი ვარსკვლავი“, დიპლომი ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეოთხე საერთაშორისო კონკურსზე (2009 წ.) ; დიპლომი და ლაურეატის წოდება სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა დათვალიერება-ფესტივალზე „გზა პარნასისაკენ“ (2010 წ. ) ; დიპლომი და ლაურეატის წოდება თბლისის ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მეოთხე რესპუბლიკურ ფესტივალზე „მომავლის ვარსკვლავები“ და ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისათვის (2011 წ. ); და წარმატებათა გვირგვინი (ამ ეტაპზე) _ მეორე პრემია , დიპლომი, ვერცხლის მედალი, ფულადი ჯილდო, ლაურეატის წოდება და სპეციალური პრიზი „ბილაინის სიმპათია“ ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსზე (2011 წ.).

ივერი კეკენაძის მუსიკალური ნიჭით უკვე დაინტერესდნენ მუსიკის სამყაროში მოღვაწე პროფესიონალები, არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. მან, კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, უკვე მიიღო მიწვევა ლიტვიდან. პატარა მუსიკოსის ნიჭით დაინტერესდა აღიარებული რუსი მომღერლის ფილიპ კირკოროვის პროდიუსერი. ამჟამად ივერი სომხეთში _ ერევანში დაგეგმილ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. წარმატებული მუსიკოსის პედაგოგების, ახლობლებისა და მისი ნიჭის თაყვანისმცემლებისათვის ყოველთვის სასიამოვნოდ ამაღელვებელი ფაქტი იყო, როდესაც ფეხზე წამომდგარი მსმენელი ერთსულოვნად , აღტაცებით, ნიჭიერ შემსრულებელს ტაშს უკრავდა.

ქუდბედიანობა თუ ?! .

ქუდბედიანიაო, ან ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიო, ამბობენ ხოლმე წარმატებულ ადამიანზე. მე კი მგონია, როდესაც დიდ ნიჭს შრომისმოყვარეობა, კეთილგონიერება ერწყმის, ამას ხელს გარემო და ადამიანთა თანადგომაც უწყობს, წარმატება მაშინ მიიღწევა. ივერის დედა, ქალბატონი მარინე ამბობს, რომ ბიჭს შეუძლია ექვსი საათი ისე იმეცადინოს, წყლის დასალევადაც არ ადგეს. ივერი, მისი კეთილშობილი ბუნების გამო, ირგვლივ სიყვარულს თესავს და ამასვე იმკის. წელს მან სწავლა თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის #1 მუსიკალურ სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედი) გააგრძელა, ჭიათურაში საყვარელ სკოლა-ლიცეუმსაც გამოემშვიდობა და თბილისის #49 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე გახდა. ივერის დედა, ქალბატონი მარინე გვიამბობს: „ჩემი შვლის წინსვლისათვის საჭირო გახდა თბილისში მისი გადაყვანა, რაზედაც ივერის კეთილმა მეგზურებმა - ლალი გაფრინდაშვილმა და ლუდა ნადირაძემ იზრუნეს. ბიჭის წარმატებაში უდაოდ დიდი წვლილი მიუძღვის კონსულტანტ ვლადიმერ შერმაზანიშვილს. როდესაც ივერის კონსერვატორიის პროფესორმა ნინო ქათამაძემ მოუსმინა, სიამოვნებით იტვირთა დიდი მუსიკალური სამყაროსაკენ მისთვის გზის გაკვლევა და ახლა ქალბატონი ნინო ივერის პედაგოგიცაა, უფროსი მეგობარიც და დედობრივად მზრუნველიც. ბიჭი დაჰყავს ახლობლების წრეში, შეახვედრა ბევრ ცნობილ ადამიანს, მონაწილეობა მიაღებინა მრავალ კონცერტში, მისთვის ძალასა და ენერგიასა არ იშურვებს, რის გამოც მე და ჩემი შვილი ქალბატონი ნინოს უსაზღვროდ მადლიერები ვართ.“

ივერის მეზობლებიც შესანიშნავი შეხვდა. ყველანი მუსიკის მოყვარულები არიან. მასთან ახლოს ცხოვრობს ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი _ ნოდარ თოფურიძე. „მე ბედნიერი ვარ, შენ რომ გისმენ. დიდი სურვილი მაქვს, შენგან შესრულებული მოცარტის ნაწარმოებები მოვისმინო, „ - ხელი ჩამოართვა მუსიკოსს და წარმატებები უსურვა შვილიშვილმა იმ კაცისმა, რომლის ნაწარმოებები ასჯერ რომ წაიკითხო, ასმეერთედ ისევე გეუფლება სიხარულის და ტკივილის ცრემლი, თითქოს პირველად კითხულობდე.

თ ა ნ ა დ გ ო მ ა

ოცნება ყველა ადამიანის თანამდევია. ივერი კეკენაძე მრავალმხრივი ინტერესის მქონე ვაჟია. იგი, თავდაპირველად, ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. მერე მუსიკის ტალღებმა გაიტაცა და იდუმალი სამყარო აჩვენა. ახლა ბიჭის სწრაფვა ამ იდუმალებისკენაა. მისი დახვეწილი, მოქნილი თითების ქვეშ კლავიშები მორჩილი ხდება და ხან სიხარულის ხმას გამოსცემს _ ამქვეყნიურ სიმშვენიერეს გაგრძნობინებს, შვებას მოგგვრის, ხან _ მტირალაა და სევდიანი, შენც სურვილი გიჩნდება ვიღაცას ცრემლი შეუმშრალო, მოეფერო, ხან იმედის სხივით აგავსებს და ყოფიერებას გილამაზებს...

ივერი კეკენაძეს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მისი თანადგომისათვის სანდრო კავსაძის #1 სამუსიკო სკოლის მესვეურთა ინიციატივითა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადგომით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

იქნებ, ვინმე კეთილშობილი სპონსორიც გამოუჩნდეს დიდი მომავლის მქონე მუსიკოსს. იქნებ, იგი მსოფლიო ქვეყნების ისეთ სცენებზე ვიხილოთ, სადაც შეღწევა მხოლოდ რჩეულთა შორის ურჩეულესთა ხვედრია ... მადლი ხომ ის შეუფასებელი საუნჯეა, რომლის გამცემსაც იგი გამრავლებულად, უხილავად უკანვე უბრუნდება...

უკრავს ბიჭი გატაცებით და კლავიშებს ხშირად ცისარტყელას ფერები ამკობს. დაე, ცისარტყელას ფერებივით მშვენიერი ყოფილიყოს ივერის მომავალი!

მაია ტყემალაძე


ავტორი - admin    ბეჭდვა ელფოსტა
 
Backgammon